2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე გოგა ხაინდრავა დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე რეჟისორი გოგა ხაინდრავა დაიკითხა.
მისი თქმით, შეკრებილებს რეზინის ტყვიებითა და ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ.
„ეს არ იყო მთავრობა. ეს იყო კრიმინალების ბანდა, რომელიც პირადი გამორჩენიდან გამომდინარე მოქმედებდა და არა სახელმწიფო ინტერესებიდან. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. თუნდაც მაშინ, როდესაც მე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი და ცხინვალში უკვე მოლაპარაკებებს ვატარებდი. ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. დაბომბვა დაიწყეს, მე იქ ვიყავი და იქიდან დავურეკე ბარამიძეს, რომ აქედან არ გავალ, რადგან ეს არის საქართველო, აქ ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები და ყოვლად დაუშვებელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ-მეთქი.
მაშინ, ზურაბ ჟვანიას და ამერიკის ელჩის ჩარევით, ის სიგიჟე გააჩერეს. ამის კადრები და დოკუმენტებიც არის, როგორ მიემართებოდა სამხედრო კოლონა ცხინვალისკენ.
კობა დავითაშვილი, რომელიც ცემით მოკლეს, ისე დაასახიჩრეს, რომ მერე გარდაიცვალა. სასიკვდილოდ ცემეს.
მე ვარ 9 აპრილის მონაწილე, მე გადავიღე კამერით 9 აპრილის კადრები. ის ბარბაროსები, ლებედის ბარბაროსები, რომლებმაც 19 ქალი და ორი ბიჭი მოკლეს, იმათმაც კი დატოვეს გასასვლელი გზა. რუსთაველი ჩაკეტილი არ იყო, ყველა მხრიდან იყვნენ და დატოვეს გზა, რომ უკან დაეხიათ დემონსტრანტებს. ამათ გზა არ დატოვეს, ყველა მხრიდან ჩაკეტეს, რადგან იყო სადამსჯელო ოპერაცია. მე რაც ვნახე დილით, როდესაც მე დამაპატიმრეს, ყველაფერი ჩაკეტილი იყო პოლიციის მიერ. როდესაც დაიწყო შეტაკება, მაშინ უკვე დაკავებული ვიყავი. მე მაქვს ფილმი გაკეთებული და 260-საათიანი მასალა, რომლითაც დაგიმტკიცებთ, რომ ყველა გზა იყო გადაკეტილი.
ეს არის მათი ბუნება, ეს არის კრიმინალების თავყრილობა, რომელმაც ხელში ჩაიგდო უმაღლესი ხელისუფლება. ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, ორ გვამს რომ ითხოვდა ამათი ერთ-ერთი ლიდერი, მეგობარი და სააკაშვილის თანამებრძოლი, ეს არის მათი ბუნება, მათი არსი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.