2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემულ ზოგიერთი კატეგორიის მართვის მოწმობას ძალა 2019 წლის პირველ მარტამდე შეუნარჩუნდება
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის პირველ მარტამდე შეუნარჩუნდება.
შესაბამისი ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონმდებლობით, ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ.
ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში გაცემულია 481 000 კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა.
„ამათგან 263 700 მართვის მოწმობას მოქმედების ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა.
კანონის გათვალისწინებით, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს სატრანსპორტო საშუალების მართვა ეკრძალება. მიზანშეწონილია, ვადის 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაწევა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.