2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადა მომავალი წლის პირველ აპრილამდე გადაიწევს
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადა 2018 წლის პირველი იანვრის ნაცვლად პირველ აპრილამდე გადაიწევს – აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით კენჭისყრის პროცედურამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსენებელმა გაიზიარა.
„მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი მიმდინარეობს და დადასტურებული ინფორმაციით, დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი. თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება, ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით. ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის პირველ იანვრამდე სიტყვით – 2018 წლის პირველ აპრილამდე, ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმობების შესაცვლელად, გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მართვის მოწმობების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო განსაკუთრებულ რეჟიმში
მუშაობს.