2006 წლამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის აპრილამდე უნარჩუნდება
2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეეძლებათ.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
უწყების ცნობით, მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
„დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს“, – აცხადებენ შსს-ში.