2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა ამ წუთებში იწყება. ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ბრალდების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
დღეს მხარეები რეპლიკებს იტყვიან. ამის შემდეგ, როგორც წესი, განაჩენი ცხადდება. ჯერ უცნობია, გავა თუ არა მოსამართლე სათათბიროდ. არ არის გამორიცხული, განაჩენი ადგილზე გამოცხადდეს.
ყოფილ მაღალჩინოსნებს 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევაზე აქვთ ბრალი წარდგენილი.
2004 წელს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი პროკურატურამ 2016 წელს გამოაცხადა გახსნილად. გამოძიების ინფორმაციით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიზნად დაისახეს, ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია. გამოძიების ცნობით, ამისათვის შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ განახორციელეს.
„გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა „იბერია ტვ“-ს სახით ტელემაუწყებლობას, ასევე საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას. „ომეგა ჯგუფის“ ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიას“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.
2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ, „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.
კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ზურაბ ადეიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.