200 კილოგრამამდე წონის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდა.
ცვლილების მიხედვით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა 140 კილოგრამიდან 200 კილოგრამამდე გაიზარდა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია, წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
სააგენტოს ცნობით, მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) დაფინანსებით, ხორციელდება პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელობაში (SQIL)“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ხუთწლიანი პროექტის მიზანია, მესაქონლეობის, კერძოდ კი, მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, დარგის განვითარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერაა „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) ახორციელებს.