20 წლის კოკა კობალაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბინაში ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა
20 წლის კოკა კობალაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბინაში ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა

20 წლის კოკა კობალაძის დედის განცხადებით, მის შვილს გუშინ სახლში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თათია დავითულიანის თქმით, კოკა კობალაძე ყვება, რომ თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. თათია დავითულიანი გამორიცხავს, რომ თავდამსხმელები მისი შვილის ან მისი ყოფილი მეუღლის პირადი მტრები ყოფილიყვნენ.

კოკა კობალაძე საფრანგეთში ორი თვის წინ დაკავებული ალექსანდრე კობალაძის შვილია.

20 წლის ახალგაზრდას ღუდუშაურის საავადმყოფოში პროკურატურის თანამშრომლები ადვოკატის თანდასწრებით ამ წუთებში კითხავენ.

თათია დავითულიანი გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„ფეისბუქ“ გვერდზე უცნობი გვერდიდან მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი შვილი იმყოფებოდა ღუდუშაურში. კოკას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე ხუმრობა იყო. ღუდუშაურში გადავამოწმე და მითხრეს, რომ ჩემი შვილი თავის არეში ტრავმით იყო შეყვანილი.

გუშინ საღამოს, მასთან სახლში მისულა ორი პიროვნება, რომლებიც გაეცნენ როგორც პოლიციელები, ერთს ფორმა ეცვა და მეორეს არაო. ერთ საათამდე დააყოვნეს სახლში, გამოკითხეს ბავშვი, სად იმყოფებოდა მამამისი. კოკამ უთხრა, რომ არ იცოდა. მამამისი ორი თვის წინ საფრანგეთში დააკავეს, იქ იხდის სასჯელს.

გასაკვირია, რატომ არ იცოდა პოლიციამ, რომ ის საფრანგეთშია დაკავებული. კოკას ხელი მოაწერინეს, რომ არ იცოდა სად იყო მამა. როცა გაიგეს ბავშვი სახლში მარტო იყო, ფიზიკურად გაუსწორდნენ“,- განაცხადა თათია დავითულიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების შედეგებს დაელოდება.

„ვერაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება არც ყოფილიყვნენ პოლიციელები. დაველოდები გამოძიებას, რომ დადგინდეს ვინ შევიდა სახლში. პირად მტრებს გამოვრიცხავ, ბავშვი სტუდენტია და პოეზიით არის დაკავებული. ყოფილი მეუღლის მტრების ინტერესსაც გამოვრიცხავ. ის ძალიან დიდი ხანია რაც საქართველოში არ იმყოფება. ბავშვს აქვს ტვინის შერყევა სახეზე ხილული დაზიანებები, ჰემატომის სახით თვალის არეში მძიმე დაზიანება აქვს”, – განაცხადა თათია დავითულიანმა. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ხვალ გაწერენ.

ამასთან, 20 წლის კოკა კობალაძე გენინსპექციის თანამშრომლებმაც გამოკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კოკა კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომლების ყოფნას არ ადასტურებს.

როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, ფაქტის შესწავლა შსს-მ უკვე დაიწყო, გამოძიებას კი, პროკურატურა დაიწყებს.