20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ
20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ

20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და წარმომადგენლობითი საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ, – ამის შესახებ განცხადება „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში მამუკა კაციტაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, 20 პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები მზად არიან დიალოგისთვის, რათა მათი და „ქართული ოცნების“ კანონპროექტები ერთიან დოკუმენტად იქცეს.

„უკანასკნელ დღეებში დედაქალაქში და საქართველოში განვითარებულმა საპროტესტო მოძრაობამ თავის კონკრეტული შედეგი გამოიღო. მრავალი წლის განმავლობაში ბრძოლის შედეგად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები, დაკანონდეს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება და შემოგვთავაზეს ე.წ. ნულოვანი, სინამდვილეში ბუნებრივი ბარიერი. ჩვენ, 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას კარგა ხანია, წარდგენილი გვაქვს საქართველოს პარლამენტში 300 000-მდე ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ასევე პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერით და უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი პასუხგაცემული უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან, ამიტომ:

პირველი – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვაცხადებთ, რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს ჩვენს მიერ, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტიც;

მეორე – დაუყოვნებლივ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო-სახალხო განხილვის კომისია ან ფორმატი, რომელიც იქნება იდეალური საშუალება იმ დიალოგის წარმოებისთვის, რაც განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ და სადაც მოხდება ჩვენი, შეიძლება მცირედი, მაგრამ განსხვავებული პოზიციების დაახლოება;

მესამე – შევეცადოთ, რომ აღნიშნული კომისია იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი. მასში ბუნებრივია, შევლენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საზოგადოების წარმომადგენლები და არ არის გამორიცხული აღნიშნულ კომისიაში იმ საპროტესტო ტალღის წარმომადგენლის მონაწილეობაც, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა აღნიშნულ გარღვევაში.

ეს არის ჩვენი მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მზად ვართ დიალოგისათვის და იმისთვის, რომ ჩვენი წინადადება და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პაკეტი შევრწყათ და ერთ მთლიან დოკუმენტად ვაქციოთ და 2020 წლის არჩევნები ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნას ჩატარებული სისტემის რაკურსში“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.