20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრამდე გადაიდო.

ბრალდების მხარემ ახალი დოკუმენტის გასაცნობად გარკვეული პერიოდი ითხოვა. საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებას. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს და მისთვის დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია. ამის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა პროკურორმა განაცხადა, რომ მასალებს არ გაცნობია და ამისთვის დრო სჭირდება.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო 27 ივნისს შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მელიას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.