„20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების“ წარმომადგენლები გუგუტიანთკარში გაემგზავრნენ
„20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების“ წარმომადგენლები გუგუტიანთკარში გაემგზავრნენ

„20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრების “ დამფუძნებლები და მხარდამჭერები დღეს სოფელ გუგუტიანთკარში ჩავლენ, სადაც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

გუგუტიანთკარში გამგზავრებამდე მოძრაობის წევრები „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისთან შეიკრიბნენ და განცხადებები გააკეთეს. ისინი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

„ოკუპაცია კი არ ჩერდება, ეს იქნება მუდამ, სანამ საქართველოზე მთლიან კონტროლს არ აიღებს რუსეთის ფედერაცია. მინდა, პირდაპირ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია და დაგეგმონ ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნუ ერიდებიან გარკვეულ მოქმედებებს. თავის დროზე, პერიმეტრის დაუცველობამ გამოიწვია ის, რაც ხდება ამ ეტაპზე და მარტო განცხადებები ამას არ უშველის, საჭიროა მკვეთრი მოქმედებები“, – განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ.

ამასთან, „20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრებიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ ჩალაგაშვილი სამომავლოდ აქციებს აანონსებს.

„ეს იქნება აქცია, მოსახლეობასთან შეხვედრა. შემდეგ კი, ხმაური, ამას მოჰყვება ძალიან მალე აქციები და ეს იქნება ფართომასშტაბიანი აუცილებლად, 100 000-ობით ადამიანი იქნება აქ“, – აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.