20-22 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება
20-22 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია ესტუმრება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების – გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები; ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც, სექტორულ ჭრილში, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი. III საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში მონაწილეების წინაშე წარდგებიან: გერმანიის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე ანდრეას მუნდტი; UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერესა მორეირა; კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის დირექტორის მოადგილე კრისტინა კაფარა; ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის მომხმარებელთა დირექტორი იზაბელ პერინიონი და სხვები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დაგეგმილია შვიდი სესია და ორი პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ: კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე; ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, ციფრულ ბაზრებზე – კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე; მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებზე, სტანდარტებსა და ტენდენციებზე; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით კარტელებთან ბრძოლის მეთოდებზე; როგორ მიმდინარეობს ანტიდემპინგური პოლიტიკის მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში და ასე შემდეგ. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
„ყოველწლიური კონფერენციის – „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება“, – ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.