20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
ვახტანგ იაშვილის განცხადებით, წინა პროცესზე დადასტურდა, რომ ბესიკ თამლიანი უდანაშაულოა და მისი ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ადვოკატის თქმით, აქამდე დაკითხული მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.
„ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება პროცესი. დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები. როგორც ყოველთვის, ესენი არიან პოლიციელები. წინა პროცესს თუ გავიხსენებთ, ცალსახად დადასტურდა თამლიანის უდანაშაულობა. კერძოდ ის, რომ ის არ აპირებდა პარლამენტში შეჭრას, რომ მას არ უძალადია გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როცა ფარის წართმევა სცადა. ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი თვითმხილველი ამ ფაქტის მოწმე იქნება დაკითხული და სხვა პოლიციელები, რომლებიც საერთოდ ვერ ცნობენ ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს და ვერც სხვებს. ეს იქნება დაკითხვა დაკითხვისთვის. იმ სამართლებრივი კვალიფიკაციით, რა ბრალიც მათ აქვთ წარდგენილი – 225ე მუხლი – არც ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ განუხორციელებია. უშუალოდ ბესიკ თამლიანს რაც შეეხება, მისი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ამისთვის მან უკვე აგო პასუხი. განმეორებით იმავე ქმედება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა არის ყოველგვარ სამართლიან საფუძვლებს მოკლებული“, – განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.