20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.

ვახტანგ იაშვილის თქმით, აქამდე დაკითხული მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„განხილული იქნება ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიას, ზურაბ ბუდაღაშვილისა და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ეს არის 20 ივნისის საქმე, ე.წ. გავრილოვის პატიმრები. უკვე ტრადიციად იქცა და ბრალდების მხარე წარმოგვიდგენს თავიანთ მოწმეებს, რომლებიც პრინციპში, ვერც ვერაფერს ადასტურებენ. ცალსახად შემიძლია აღვნიშნო, რომ ვერ ადასტურებენ თამლიანის, ბუდაღაშვილისკუპრეიშვილისა და სოსელიას ბრალეულობას. 90-95% მოწმეებისა პოლიციელები არიან ამ საქმეში და შესაბამისად, დღესაც ველოდებით პოლიციელებს, რომლებიც განსაკუთრებით ვერაფერს მიუთითებენ ამ საქმესთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ფორმით და პერიოდში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებულს არაფერს ველით, ველით უბრალოდ ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული ვერ იქნება ვერც თამლიანთან, ვერც ბუდაღაშვილთან. მოგეხსენებათ რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. თუ ვიხმართ არაიურიდიულ ტერმინს, „შეკერილი“ საქმეა და მისი წარმოდგენა ხდება პროცესზე. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შუამდგომლობა მომზადებული“,- განაცხადა ადვოკატმა.