1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 30 წელი შესრულდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.
3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები. ამის შემდეგ, 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
დღეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 82 წელი შეუსრულდებოდა.