ცოლად შერთვის მიზნით, 19 წლის გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველ ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.
სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.