საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების დასაკომპლექტებლად ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ტურნირი ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც “გაგრა” გახდა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წელს გასამართი ფუტსალის ისტორიაში პირველი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და ამის თაობაზე უეფა-ს ოფიციალურად მიმართა. მანამდე კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების დაკომპლექტება დაიწყო.
შესარჩევ ტურნირში მონაწილეობდნენ ბასკის, გაგრას, გრანდის 2002-ის, გიფას, სოხუმის დინამო, ვინერსის, ფორვარდისა და გაგრა 2-ის ასაკობრივი გუნდები.
ფინალში “გაგრა” სოხუმის “დინამოს” დაუპირისპირდა და დაძაბულ და საინტერესო მატჩში 5:4 დაამარცხა. გამარჯვებულსა და ვერცხლის პრიზიორს მედლები და თასები გადაეცათ. ნაკრებისთვის შერჩეული მოთამაშეები პირველ შეკრებას სექტემბრის დასაწყისში გაივლიან და სამომავლო ტურნირებისთვის მოემზადებიან.
„უპირველესად ვულოცავ ყველას, რომ ამ საქმეს საძირკველი ჩაეყარა და მუშაობა დავიწყეთ. არ მეგონა, რომ ამდენ საინტერესო მოთამაშეს მოვინიშნავდი 19-წლამდელთა ნაკრების პირველი შეკრებისთვის, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში ვგეგმავთ. მონაწილე გუნდებიდან მშვენიერი ბიჭები ავარჩიეთ, ყველას პირადად გავესაუბრე და თითოეული მათგანი ბედნიერია, რომ საქართველოს სახელით თამაშის შანსი მიეცემა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად არის ჩართული და მხარს გვიჭერს. იმედი მაქვს, უეფა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს და ეს ნამდვილად ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ამ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის“ – აცხადებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.
19-წლამდე ნაკრების კანდიდატი ნიკა ხარატიშვილი აცხადებს, რომ ტურნირში მონაწილეობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„19-წლამდე ფეხბურთელებისთვის მართლაც ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ვულოცავ ნაკრებში აყვანილ ყველა მოთამაშეს და იმედი მაქვს, მომავალში საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ“, – აცხადებს ნიკა ხარატიშვილი.