საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა. გიორგი ყიფიანის გუნდი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინას დაბა პოპოვის “ეთნო სელო სტანისიჩის” სტადიონზე დაუპირისპირდა
მე-16 წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა ანელ შაბანაჯოვიჩს და მასპინძლები კაცნაკლულები დატოვა. საქართველომ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გიორგი ჯინჯოლავამ, ნიკა მალიმ და ბექა ქავთარაძემ შანსებით ვერ ისარგებლეს.
65-ე წუთზე მომენტი ისევ ქავთარაძეს ჰქონდა და მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. 68-ე წუთზე კი რუმინელმა არბიტრმა გიორგი კუცია გააძევა და ორივე გუნდი 10-10 მოთამაშით დატოვა.
საბოლოოდ, მასპინძლებმა თავისი იშვიათი შანსით ისარგებლეს: 87-ე წუთზე, იუსუფ გაზიბეგოვიჩმა შეტევა გოლით დააასრულა და ბოსნიას გამარჯვება მოუტანა – 1:0.
მეორე ტურში, 11 ნოემბერს ჩვენი ნაკრები ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში – საფრანგეთს.