19 მაისს წყალტუბოსა და ტყიბულში რვა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ რვა საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში, ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – DELIAN მხარდაჭერით ხორციელდება.