19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და შვიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება
ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი კანონმდებლობის განსაზღვრული წესით, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და შვიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება.
„ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი გუშინ დასრულდა. 19 მაისს სამი ტიპის არჩევნები იმართება. როგორც მერობის რიგგარეშე არჩევნები, ასევე საკრებულოების და მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები.
პროცესი სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც კანონმდებლობის მიხედვითაა განსაზღვრული.
ბიულეტენები დაიბეჭდა. კანონმდებლობის თანახმად ბიულეტენები პირველ რიგში ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეწოდებათ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები ბიულეტენებს საარჩევნო უბნებზე გადაანაწილებენ.
19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. გუშინდელი მონაცემებით ხუთი ათასზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების გასაშუქებლად ცესკოში აკრედიტაცია 43-მა მედიასაშუალებამ გაიარა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.