შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.
„ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვნება და შემდეგ, დილით, გადმოვიყვანთ ქალაქში. 50-მდე ადამიანზე გვაქვს შეტყობინება, რომ ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. შტაბი მოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა სტრუქტურა. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. არ წყდება სამაშველო სამუშაოები. 70 მოქალაქიდან 16-მდე მოზარდია გადმოყვანილი. 152 ადამიანში ნახევარი არიან ბავშვები. ვისაც ეძებენ, მათ შორისაც არიან ბავშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.