18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებული სამართალდამცველების ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ვინაიდან ორი თვის წინ მომხდარი ფაქტის შემდეგ ბრალდებულებს გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლიათ, მათ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა განესაზღვრათ, ალტერნატივად კი დამცველებმა გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც პატიმრობის შეფარდებას მიმალვის საფრთხის გამო ითხოვდა.

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, არც ერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალს – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალს არ აღიარებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ბესიკ ბეგიაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს 12 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე ძალა არ გამოუყენებიათ.

ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი ახალგაზრდისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან თავდასხმაზე ისაუბრა.

როგოროც დაკავებულმა პოლიციელმა განმარტა, 30-მდე პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა.

ბრალდებულმა პროკურორის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადგილზე გასროლა პოლიციელებმა თავდაცვის მიზნით მოახდინეს.

სასამართლო სხდომა ბრალდების მხარესა და დაკავებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის ბოლოს საქმის არსებითი განხილვის თარიღიც ჩაინიშნა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოლიციელების საქმის არსებითი განხილვა 27 თებერვალს დაიწყება.