18 ნოემბერს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ
18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს.
ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულთან საინტერპელაციო დროდ სამი საათი და 38 წუთი განისაზღვრა.
„იცით, რომ ინტერპელაციის ადრესატები იყვნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, გაერო-ს ღონისძიებაზე, ამიტომ ინტერპელაცია გაიმართება პარასკევს, 18 ნოემბერს. სამი ინტერპელაცია უნდა ჩატარდეს და დრო პროპორციულად ნაწილდება. თითოეულზე მაქსიმუმ სამი საათი და 38 წუთი იქნება. პარასკევი დღე მიეძღვნება ინტერპელაციებს, კითხვებს რაც შეეხება, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. 12:00 საათზე იქნება პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, შემდეგ საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები. ვვარაუდობ, რომ 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შესვენებამდე გვექნება პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. შესვენების შემდეგ კი, მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს და განათლების მინისტრს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.