18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება
18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ქვეყანაში დაბრუნება შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს.
„მინდა გაგაცნოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციას. პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდენ საქართელოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინსიტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.