მძლავრი ფეხებითა და ხანჯლის მსგავსი ბრჭყალებით, კაზუარს შეუძლია ერთი დარტყმით გამოგფატროთ; ყველაზე მეტად სწორედ ამ ფრინველის სახით ცოცხლობენ დინოზავრები დღემდე.
თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს უნიკალური, უცნაური ფრინველები შეიძლება ადამიანთა ქათმები იყვნენ იქამდე, ვიდრე ნამდვილ ქათმებს მოვიშინაურებდით.
კვერცხის ნაჭუჭის ნარჩენები მიუთითებს, რომ 18 000 წლის წინ, ადამიანები კაზუარის კვერცხებს საკვებად გამოყენების გარდა, სხვა რამისთვისაც აგროვებდნენ.
„პატარა ფრინველი არ არის, უზარმაზარია, ავი, ფრენის უნარს მოკლებული, რომელსაც თქვენი გაფატვრაც შეუძლია“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კრისტინა დუგლასი.
ეს ზორბა ხილისმჭამელები დღემდე ბინადრობენ ავსტრალიისა და პაპუა ახალი გვინეის ტყეებში; მრავალი მცენარე მათზეა დამოკიდებული დამტვერვის, გაფანტვისა და სასუქის მიღების თვალსაზრისით.
ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, კაზუარის ქლიავი (Cerbera floribunda) ამ ფრინველების გარეშე ვერ მრავლდება; ამიტომ, მათზე მზრუნველობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კაზუარების რაოდენობის შემცირება ავსტრალიის წვიმის ტყეებზე ძლიერ ცუდად მოქმედებს.
მეცნიერები სწავლობდნენ, როგორ ანაწილებდნენ საკუთარ რესურსებს პაპუა ახალი გვინეის მთიანი წვიმის ტყეების ბინადარი ადამიანები გვიანდელი პლეისტოცენისა და ადრეული ჰოლოცენის ხანებში; აღმოაჩინეს, რომ ეს ხალხი კაზუარების კვერცხებს აგროვებდა. სავარაუდოდ, ეს გახლდათ ჯუჯა კაზუარი, რომელიც ზრდასრული 20 კილოგრამს იწონის.
სირაქლემას კვერცხის 3D მიკროსკოპიის გამოყენებით, დუგლასმა და მისმა კოლეგებმა კვერცხის ნაჭუჭის განვითარების მოდელი შექმნეს, რათა დროში მთავარი მახასიათებლები გამოევლინათ. ფრინველთა სხვა სახეობებზე ჩატარებული წარმატებული ტესტების შემდეგ, ეს მოდელი მათ პაპუა ახალი გვინეის ეროვნულ მუზეუმში დაცულ კაზუარის 1000-ზე მეტ კვერცხის ნაჭუჭს მოარგეს.
„კვერცხის ნაჭუჭების უმეტესობა განვითარების გვიანდელი პერიოდისაა“, — ამბობს დუგლასი და ასკვნის, რომ ეს ხალხი კვერცხებს ემბრიონის ფაზაში აგროვებდა, რომელსაც უკვე სრულად ჩამოყალიბებული ჰქონდა კიდურები, ნისკარტი, ბრჭყალები და ბუმბულები.
ბალუტი აზიური ქუჩის საკვებია და წარმოადგენს მოხარშულ ან შემწვარ ემბრიონიან კვერცხს. მკვლევართა მიერ შესწავლილი ზოგიერთ ნაჭუჭს მართლაც ეტყობოდა კვერცხის მომზადებისა და შეჭმის კვალი (დამწვარი იყო), მაგრამ ისინი განვითარების ადრეული ფაზის კვერცხები უნდა ყოფილიყო. თუმცა, გამოჩეკვასთან ახლოს მყოფი კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტებს საკვებად მომზადების კვალი არ აღენიშნებოდა.
„განვითარების გვიანდელი ეტაპის კვერცხის ნაჭუჭებს დამწვრობის კვალი არ აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კვერცხებს არ ჭამდნენ და იქიდან წიწილებს ჩეკდნენ. ადამიანთა ასეთი ქცევა მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ გვხვდება, ქათმების მოშინაურებისას“, — ამბობს დუგლასი.
გენეტიკურ მტკიცებულებათა მიხედვით, ქათმები ადამიანებმა დაახლოებით 9500 წლის წინ მოიშინაურეს. შესაბამისად, ძლიერ არასავარაუდოა, რომ ადამიანებს კაზუარები ოდესმე მოეშინაურებინათ, მაგრამ ეს გახლავთ ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუში ადამიანთა მიერ ფრინველების მოშენებისა.
„ამ აღოჩენამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მოშინაურების ამჟამად აღიარებული ქრონოლოგია და გეოგრაფია“, — ამბობს არქეოლოგი მეგან ჰიკსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მისი განცხადებით, ყველაზე უკეთ ცნობილი ადრეული შემთხვევები ცხოველებს ეხება (ძაღლი და თხა), მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანის ურთიერთობას ფრინველებთანაც.
ზოგადად, კაზუარები მფრთხალები არიან და ადამიანებს ერიდებიან, მაგრამ ახასიათებთ ტერიტორიების მისაკუთრება და ძლიერ სახიფათო ხდებიან, თუ საფრთხეს იგრძნობენ. მიუხედავად ამისა, პაპუა ახალ გვინეაში ამ ფრინველებს ხალხი დღემდე ზრდის და ყიდის, ჭამენ მათ ხორცს, იყენებენ ძვლებს, ბუმბულებსა და კვერცხებს.
„კაზუარის წიწილები ადვილად ეჩვევიან ადამიანებს, ადვილია მათო მოვლა და სრულ ზომამდე გაზრდაც“, — წერენ მკვლევრები.
პაპუა ახალ გვინეას ადამიანებმა დაახლოებით 42 000 წლის წინ მიაღწიეს; მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ამ მონადირე-შემგროვებლებს შედარებით მინიმალური გავლენა უნდა ჰქონოდათ გარემოზე. თუმცა როგორც ეს ახალი კვლევა მიუთითებს, იქაური შემგროვებელი საზოგადოებები გარემოს სრულიად მოულოდნელი გზითაც ცვლიდნენ.
„მრავალი ადგილობრივი ხალხის თაობიდან თაობას გადაცემული ცოდნა მიუთითებს, რომ მიწების ტრადიციული მფლობელები და მათი წინაპრები მიზანმიმართულად ამუშავებდნენ მიწას, ზოგიერთ შემთხვევაში, ათასწლეულების განმავლობაში“, — წერს ჯგუფი.
მთელ მსოფლიოში, უტროპო ფრინველები — ფრენის უნარს მოკლებული მოზრდილი ფრინველები, რომლებსაც სირაქლემა და ეპიორნისიც (Aepyornis maximus) მიეკუთვნება — ამათ რეგიონებში ადამიანების გამოჩენიდან მალევე გადაშენდნენ. კაზუარი ამ მხრივ უიშვიათესი გამონაკლისია.
მკვლევართა განცხადებით, ამ კვლევის ფარგლებში გამოყენებულ ნაჭუჭების ანალიზს აქვს პოტენციალი, რომ გავიგოთ, რატომ ვერ შეძლეს გადარჩენა ფრენის უნარს მოკლებულმა სხვა დიდმა ფრინველებმა.
ამ ეტაპზე კი, სასიხარულო ის არის, რომ კაზუარები დღემდე ამაყად დააბიჯებენ ავსტრალაზიის წვიმის ტყეებში.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.