17-წლამდელთა ნაკრები | ოთხი გაძევება და ფრე მონტენეგროსთან [ვიდეო] #1TVSPORT
პოდგორიცაში საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მონტენეგროს 18-წლამდელთა გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა – დაპირისპირება კვლავ ნერვიულად წარიმართა და ამჯერად ჩვენი გუნდი მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 2:2.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის 15 თებერვალს გამართული პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავიდნენ და ამან მათ ქმედებებს კვალი დაატყო – პირველი შეხვედრის მსგავსად, ესეც დაძაბული მატჩი გამოდგა, ამიტომ მსაჯმა ბრანკო ოდალოვიჩმა წითელი ბარათი ოთხჯერ გამოიყენა და მოედნიდან მონტენეგროსა და საქართველოს 2-2 მოთამაშე გააძევა.
ანგარიში ლაშა გადილიამ გახსნა, რომელმაც გიორგი რობაქიძის ზუსტი ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა. მასპინძლებმა 53-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც ბალშა მრვალევიჩმა სოლო გარღვევა დაიწყო და მეკარესთან პირისპირ დარჩა – სოსო კოპალიანმა პირველი დარტყმა მოიგერია, მეორედ კი მასპინძელთა შემტევმა მაინც გაიტანა – 1:1.
74-ე წუთზე მონტენეგრო დაწინაურდა. მარკო ვრაჩარუს გადაცემა მეკარემ მოიგერია, მაგრამ მატია ბადნიარმა მახვილი კუთხიდან გუნდი წინ გაიყვანა. ათი წუთის შემდეგ გიორგი ტაბატაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა შემტევმა დაცვიდან აკაკი გიუნაშვილის გრძელი გადაცემის შემდეგ მცველს გაასწრო და საჯარიმოს ხაზიდან მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო – 2:2.
„მოედანზე დაძაბულობა იყო, მატჩი უხეშად წარიმართა და საბოლოო შედეგი ლოგიკურია. პირველ ტაიმში საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ, მეორეში უკვე უკეთესად გამოვიყურებოდით. ეს იყო ჩვენი პირველი შეკრება, რამდენიმე ფეხბურთელი პირველად არის ნაკრებში და აშკარაა, რომ შეთამაშება გვაკლია. მიუხედავად ამისა, ეს ორი მატჩი ქართველებთან კარგი გამოცდა იყო, ჩვენ ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც ელიტური რაუნდისთვის თვეზე მეტია ემზადება და რამდენიმე თამაში ჩაატარა“, – განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სლობოდან დრაშკოვიჩმა.
მონტენეგრო U17 – საქართველო U17 2:2
გოლები: 0:1 გადილია (28. რობაქიძის პასით), 1:1 მრვალევიჩი (53. რადონიჩის პასით), 2:1 ბადნიარი (74. ვრაჩარის პასით), 2:2 ტაბატაძე (84. გიუნაშვილის პასით)
საქართველო: კოპალიანი, ხარჩილავა, გიუნაშვილი, გოგიჩაიშვილი (90+1. ალიბეგაშვილი), ციკოლია, ლორდქიფანიძე, გადილია (58. ხაჩიძე), ბასილაძე, კარაევი (58. პარკაძე (70. გიორგი მაღრაძე)), რობაქიძე, ცეცხლაძე (46. ტაბატაძე)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გაძევება: ბასილაძე (45), ლეჩიჩი (45), კრივოკაპიჩი (72), ხაჩიძე (72)
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მომდევნო მატჩებს 6 და 8 მარტს მალტის 17-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს, მერე კი ელიტრაუნდის მატჩები ელის.
U17 მარტის ამხანაგური მატჩების განრიგი
6 მარტი
საქართველო – მალტა
8 მარტი
საქართველო – მალტა
ელიტრაუნდი
23 მარტი
გერმანია – საქართველო
26 მარტი
ჩეხეთი – საქართველო
29 მარტი
საქართველო – შოტლანდია