17-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს - მეორე მატჩი 8 ივნისსაც გაიმართება #1TVSPORT
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლთა ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაშა პარკაძემ გოლად აქცია და შესვენებამდე საქართველოს ნაკრები 1:0 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს უფრო მწვავედ შეუტია და გუნდის კაპიტანმა გიორგი სიგუამ ანგარიში გაზარდა – მან ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დამატებაზე დააგვირგვინა. აზერბაიჯანელებმა სხვაობა მატჩის ბოლოს შეამცირეს – საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი სანან აღალაროვმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანელები ეპიზოდებში უხეშობდნენ და შედეგად საქართველოს 17-წლამდელების და „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გიორგი ფარცვანია დააზიანეს, რომელიც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ საბედნიეროდ, მძიმე ტრავმა არ აღმოჩნდა, მაგრამ მეორე მატჩს გამოტოვებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს მეორედ 8 ივნისს შეხვდებიან. ეს მატჩიც 18:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყება.
საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17 2:1
გოლები: ლაშა პარკაძე 1:0 (35. პ), 2:0 გიორგი სიგუა (70), 2:1 სანან აღალაროვი (87. პ)
საქართველო U17: რევაზ კურტანიძე, თენგიზ გობეშია, გიორგი ტაბატაძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, გაბრიელ სიგუა, დემეტრე ციკოლია, ლუკა პარკაძე, ნიკოლოზ ყველაშვილი, თენგიზ ალიბეგაშვილი, გიორგი ფარცვანია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშა გადილია, დაჩი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გიორგი პარკინაშვილი