„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება.
აღნიშნულ კანონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს მოაწერა ხელი.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონი, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებასა და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეს კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ამ კანონზე ხელის მოწერა არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც.