16 წლის მოზარდის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
16 წლის მოზარდის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

16 წლის მოზარდის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და ჯგუფურად ძარცვაში ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული პირების ადვოკატები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, რადგან მათი განცხადებით, არ არსებობდა ის საფრთხეები, რაზეც სასამართლომ მიუთითა, მათ შორის დაკავებულთა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეზე.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ძარცვაში მიუღია მონაწილეობა და არც საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ყოფილა დაზარალებულთან.

ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, ძარცვა არ მომხდარა და მათ ნებაყოფლობით გადასცა დაზარალებულმა მობილური ტელეფონი, ეს ტელეფონი კი ლომბარდში ჩააბარეს მხოლოდ ერთი დღით და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს უნდა გამოეტანათ. მობილურის ჩაბარება კი, ერთ-ერთი ტაქსის მძღოლის პირადობის მოწმობით მოხდა.

ბრალდების მხარის ცნობით, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა ბრალის დასადასტურებლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზების დასკვნები.

ასევე საქმის პროკურორის, ნათია ქომოშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გამოძიება ჯერ არ საუბრობს, ვისთან ერთად იმყოფებოდა 16 წლის მოზარდი კორპუსის სახურავზე.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

ამასთან, რადგან საქმეზე ბრალდებულთაგან ორი არასრულწლოვანია, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება.

ვარკეთილში 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.