მეორე გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე - საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან 21 ქულის სხვაობით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 91:70 დაამარცხა.

 

დანაკლისი

თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე… ეს არის საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც ჩრდილომაკედონიასთან მატჩისთვის საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ. ზოგს ევროლიგის გუნდები არ უშვებენ, ზოგს NBA-ს გუნდები, ზოგს ტრავმა აქვს.

ასეთი დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან ფავორიტი იყო. მიზეზი მარტივია – ჩვენს გუნდში ევროკლასის სამი კალათბურთელი თამაშობდა, მეტოქის რიგებში – ორი. თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატს წარმოადგენენ, ხოლო დუდა სანაძე სერბეთის პირველობაში ასპარეზობს.

ჩრდილოეთ მაკედონია კი ესპანური „ბეტისის“ ფორვარდის ვაილისა და გამოცდილი სტოიანოვსკის იმედად იყო. 18 წლის ცენტრი სიმიჩი „ბარსელონაში“ კი ირიცხება, მაგრამ პირველ გუნდში ჯერ ვერ თამაშობს.

ყველა დანარჩენი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან.

 

კლასი

მხოლოდ ფავორიტის სტატუსი და მხოლოდ სამი ლეგიონერი თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტენ, თუ თანაგუნდელებმა მხარი არ აუბეს. ილიას ზუროსი იმ მწვრთნელთა კატეგორიიდანაა, რომლის ხელში კალათბურთელები მაქსიმალურად იხსნებიან. ამის მაგალით იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მატჩი გამართა. მან მოედანზე გამოჩენისთანავე სწრაფად ჩაჭრა და დრიბლინგის შემდეგ თამამად ჩატენა. ასეთივე თამამი იყო საქართველოს ჩემპიონატის ყველა კალათბურთელი.

მათი სითამამე კი მეტწილად შერმადინისა და მაკფადენის დამსახურებაა – მათ გვერდით „ტენერიფესა“ და „მურსიას“ კალათბურთელებიც კომფურტულად გრძნობენ თავს, გაუჭირდებათ, ბურთს გიოს გადასცემენ და მან კარგად იცის, როგორ დააგვირგვინოს შეტევა, ისევე როგორც თად მაკფადენმა.

როდესაც უმაღლესი კლასის გამთამაშებელი და ცენტრი გყავს, საქმე ტაქტიკურადაც იოლდება, მწვრთნელს შეტევაში ვარირების საშუალება ეძლევა და ისეთი „ტანდაბალი გუნდი“, როგორიც ჩრდილოეთ მაკედონიაა, ვერაფერს დაუპირისპირებს.

ვერც დაუპირისპირა – გიორგი შერმადინმა 20 ქულა, 15 მოხსნა მოაგროვა და მეტოქეებს წესების დარღვევა არაერთხელ აიძულა. საქართველომ მეტოქეს მოხსნებში 44:38 აჯობა, ხოლო ფარქვეშიდან 34 ქულა ჩააგდო, მაშინ როცა ამ ზონიდან საკუთარ კალათში 22 ქულა მიიღო.

 

დაცვა

ისტორიულად ასეა – ქართველებს შეტევა უფრო გვიყვარს, ვიდრე დაცვა. თუმცა, ვინც მატჩს ყურადღებით მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ მატჩი ილიას ზუროსის გუნდის დაცვამ მოიგო:

ჩვენი მწვრთნელი მთელი მატჩის განმავლობაში ხშირ შეცვლებს მიმართავდა, რომ გუნდი არ დაღლილიყო. როდესაც 40 წუთის განმავლობაში მოედნის მთელ პერიმეტრზე მიმართავ დაცვას, დიდი ენერგია გჭირდება. მწვრთნელმა ძალები ისე გაანაწილა, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებამდე საღად გამოიყურებოდა და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა.

მაკედონიელებს არ აღმოაჩნდათ იმ კლასის მოთამაშეები საქართველოს აგრესიულ დაცვას სათანადოდ რომ გაუმკლავდებოდნენ.

გამორჩეულები

გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა. მან 31 წუთში, 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თად მაკფადენმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ჩაიწერა.

მაკედონიელთაგან კი ყველაზე მეტი, 15 ქულა ვოიდან სტოიანოვსკიმ ჩააგდო.

ჩრდილოეთ მაკედონია: კრსტევსკი (11ქ, 11მ), მიტრევსკი (3ქ), ნიკოლოვი (8ქ), სტოიანოვსკი (15ქ), მიტევსკი, დანიალოვსკი, სიმიჩი (1ქ), რობევი (13ქ), მასლინკო, კაკრუკი, ვაილი (8ქ, 9მ), ეფრემოვსკი (11ქ).