ნუგზარ წიკლაური - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება
პარლამენტში შესვლის ან არშესვლის შესახებ პოზიცია უახლოეს პერიოდში იქნება გამოქვეყნებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არ იქნება იმაზე გვიან, ვიდრე რამეს დააზარალებს, შესვლის, ან არშესვლის თვალსაზრისით. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ არის განსხვავებული პოზიციები. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა ბერკეტი არის გამოსაყენებელი და არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ბერკეტების გამოყენების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ”, – განაცხადა წიკლაურმა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, პირადად მისთვის, არავითარი დემოკრატიული რესურსი არ აქვს იმ ე.წ. პარლამენტს, რომელიც გაყალბების, ძალადობისა და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსწრაფების ხარჯზე შეიქმნა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ჩართულია თუ არა ამ კონსულტაციებში თუნდაც, წერილობითი გზავნილებით მიხეილ სააკაშვილი და ექნება თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა მის პოზიციას, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს პარტიისთვის არ მიუმართავს, არც წერილობით და მისგან არც რამე სახის გზავნილი ყოფილა გადაცემული.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა პარლამენტში შესვლის საკითხის გააქტიურება იმ გარემოებამ, რომ შედეგი არ მოიტანა აქციებმა, სადაც, როგორც მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ხალხის მხარდაჭერა ნაკლები იყო, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე, აქციებზე გამოდიოდა 50 000 ადამიანიც, 60 000-იც და 20 000-იც.
„ქართული ოცნების“ სახით თუ ვიღაცას რუსთაველის გამზირზე გამოსული საქართველოს მოქალაქეები ეპატარავება ან ეცოტავება, კიდევ მეტ გამომსვლელს ნახავს”, – განაცხადა წიკლაურმა.
კითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ნაბიჯებში, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიამ პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა, წიკლაურმა აღნიშნა, რომ არსებობს ახალი გამოწვევები, იცვლება ვითარება და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ამ ცვლილებების შედეგად აქვს თავისი პოზიცია.
შეკითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საკადრო სტრუქტურული ცვლილებები პარტიაში არსებული შიდა უთანხმოების მანიშნებელი, რაზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, წიკლაურმა განაცხადა, რომ ამ მხრივ, პარტიაში არავითარი პრობლემები არ არის და თუ პრობლემები სადმე არის, არის თბილისის ქუჩებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არაფრით განსხვავდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციისგან.
„მე სპეციალურად შევხედე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციებს, გამოთქმულს ხან ლავროვისა და ხან სხვის მიერ. ისინიც წინააღმდეგი არიან ომის და ესკალაციის, მაგრამ ამას სხვას აბრალებენ, ან კიდევ, ამ საკითხს ღიად ტოვებენ. ზუსტად ასევეა „ქართული ოცნების“ რეზოლუციაშიც. ამბობენ, რომ ესკალაციის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ვინ არის ამ ესკალაციის და აგრესიის სათავე, არ ამბობენ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.