15 წლის წინ გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგო
15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, 2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.
საქმის ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე. მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა.
„მორალური ზიანის ანაზღაურების დაშვება პირის გარდაცვალების გამო, მისი ახლო ნათესავისთვის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ფაქტობრივად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით პარლამენტს ხვალ მივმართავ“, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.
ადვოკატმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს დღეს მიმართა.
გარდაცვლილის დედა საქმის ხელახლა აღძვრას ითხოვს.
„დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – ამბობს გარდაცვლილის დედა გულნარა სარიშვილი.
შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. „აჭარგანათებაში“ მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა.