2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს.
411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი.
2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.
ომიდან 15 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილებისა და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან.
არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.