15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატს 22 ივლისიდან მილანი უმასპინძლებს
ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატზე მსოფლიოს 2018 წლის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. 17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ხოლო 15 წლამდელთა შორის საქართველოს ღირსებას 5 სპორტსმენი დაიცავს.
ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატის შემადგენლობა მწვრთნელთა საბჭომ საქართველოს ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგების შემდეგ დაასახელა.
მძიმეწონოსანმა თორნიკე ტაბატაძემ ატაცში 158 კგ. დაძლია და ერთი კგ-ით გააუმჯობესა ლაშა ტალახაძის შედეგი, რომელიც 2010 წელს მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სევილიაში 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა.
15 წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე აკვრაში 136კგ-ით რეკორდსმენი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის უმცროსი ვაჟი საბა ასანიძე გახდა.
ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატისთვის საქართველოს 15 და 17 წლამდე ძალოსანთა გუნდების წევრები საჩხერეში მოემზადებიან, ქართველი ძალოსნები იტალიისკენ გეზს 20 ივლისს აიღებენ.