კელი დეგნანი - მადლობა საქართველოს მთავრობას, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის საწვრთნელი პროგრამის (GDRP-T) წარმატებით დასრულება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.
როგორც ვაზიანში ყოფნისას დეგნანმა აღნიშნა, საწვრთნელი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
„დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს წვლილი საქართველოს გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.