გიორგი გახარია - პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება
პოლარიზაციას რაც შეეხება, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, დღეს საქართველო გამოწვევების წინაშე დგას, მაგალითად, კოვიდი, რეგიონალური პროცესები. სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენს რეგიონში ცხელი ომი იყო, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, უკვე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაცია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
„ყველამ – მთავრობა, ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები, მედიატორები, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, პოზიცია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, ანუ ხელისუფლება ამბობს, ვინც მე არ მეთანხმება, მტერია. მერე ამბობს, რომ ჩემი მტერი ვინც არის, ის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის მტერიცაა. ასეთი რადიკალიზმი პოლიტიკაში საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია და საქართველოში პოლარიზაციის ასეთ ფონზე არის კატასტროფამდე მისვლის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. მოვუწოდებ ყველას, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და როდესაც დაუფიქრებლად მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს ვაკეთებთ, მსგავს მიდგომებს ვნერგავთ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ეს არის ქვეყნის ზიანის მოტანის პირდაპირი მცდელობა. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა გახარიამ.