ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე ფიქრობენ, უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი
ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ, უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
„ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან. გრძელვადიანი დაგეგმვა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი. როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის, უცხოელი პარტნიორებისთვის – ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს, საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტული შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომლის ძირითად კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს ამ შემოდგომისთვის მიიღებს. სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ეს სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში – როგორც პარლამენტი, ასევე არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი და ხედვა გრძელვადიანი განვითარების – როგორი უნდა იყოს ქვეყანა 2030-ში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ეკონომიკას გადამწყვეტი როლი აქვს.
„ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომ შეეხოს, საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია. ამის მიღწევას ვაპირებთ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებით, ინოვაციების წახალისებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, სახელმწიფო საწარმოთა, წიაღისა და ენერგეტიკის, სხვა სექტორების რეფორმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით. ჩვენ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა ე.წ. FDI გრანტი; განიხილება სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადების მექანიზმი, ასევე სხვა ინიციატივები. შედეგად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.