14-15 სექტემბერს თბილისში, ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ გაიმართება
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 14-15 სექტემბერს ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალი კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით 12:00 საათიდან 23:00 საათამდე გაიმართება.
„თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია, განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი. ერთ-ერთი იყო „თბილისური ბაზარი“, რომელიც არის ერთგვარი პლატფორმა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ამჟამად ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს. ამ მიმართულების და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ჩავატარებთ თბილისურ „სთრით ფუდ მარკეტს“. ბოლო პერიოდში თბილისში მრავლად გაჩნდა საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობამაც ბიძგი მისცა „სთრით ფუდ ფესტივალის“ ჩატარებას – „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“. ფესტივალის ფარგლებში მსურველებს მონომენიუებით გაუმასპინძლდებიან გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სწრაფი კვების ობიექტებს, საკონდიტროებს, მეწარმეებს, ღვინისა და კრაფტლუდის მწარმოებლებს. კალაძის განცხადებით, მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა კომპანია სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეს.
„ასეთი პროექტების განხორციელება ნამდვილად სჭირდება ორბელიანის მოედანს. იქ ჯერ ისეთი სიცოცხლე არ იგრძნობა, როგორიც გვინდა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თბილისის ცენტრია და ასეთი პროექტების განხორციელება ამ კონკრეტულ ადგილზე იქნება ძალიან მაგარი. გელოდებით, მობრძანდით და დააგემოვნეთ ქართული კერძები, სასმელები“, – განაცხადა კალაძემ.