13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. 2024 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა ინფორმირების, განათლებისა და გართობის ერთი საუკუნეა.
13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. რადიოს მსოფლიო დღე წელს მეცამეტედ აღინიშნება.
„საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, რასაც 1956 წელს უკვე სატელევიზიო ეთერი მოჰყვა, მომავალ წელს პირველი რადიოსიგნალის გაშვებიდან საუკუნე შესრულდება. პირველი არხი რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველ წელს უერთდება როგორც სატელევიზიო და რადიოეთერის, ასევე ციფრული პლატფორმების საშუალებით და სხვადასხვა აქტივობით. ჩნდება ახალი ფორმები, პლატფორმები, ტექნოლოგიები და წინ კიდევ ბევრი სიახლე გველის, ახალ სეზონზე მაუწყებლის გზავნილი საზოგადოებისთვის სწორედ ეს იყო – „გაგრძელება იქნება“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას.
მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.
საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა. 2025 წელს კი საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება.