13 შვილის წამებაში ბრალდებული კალიფორნიელი ცოლ-ქმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ
კალიფორნიელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც 13 შვილის ბორკილების გამოყენებით შინაპატიმრობაში ყოლა ედებათ ბრალად, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
56 წლის დევიდ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ტურპინი წამების, შევიწროებისა და უკანონო პატიმრობის ბრალდებით გასამართლდებიან.
წყვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთმა ქალიშვილმა სახლიდან გაპარვა შეძლო და პოლიციას დაუკავშირდა. სახლში მისულმა სამართალდამცველებმა საწოლებზე ბორკილებით დაბმული ბავშვები აღმოაჩინეს, რომლებიც ნაშიმშილებიც იყვნენ.
რივერსაიდის ოლქის პროკურორის მაიკ ჰესტრინის თქმით, ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ შვილებს ამ გზით სჯიდა. თავდაპირველად ისინი თოკებს იყენებდნენ, შემდეგ კი ბავშვები ჯაჭვებით დააბეს. სამართალდამცველების თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ აჩვენა, რომ დაბმულ ბავშვებს მშობლები საპირფარეშოშიც არ უშვებდნენ.
გაქცეულმა თინეიჯერმა, რომელმაც ფანჯრიდან გაპარვა შეძლო, პოლიციას უთხრა, რომ და-ძმებთან ერთად სახლიდან გაქცევას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა.
ტურპინების 13 შვილიდან სკოლაში არცერთს უვლია. ოფიციალური ცნობით, ისინი განათლებას საშინაო სკოლაში იღებდნენ, თუმცა დადგენილი არ არის ასწავლიდნენ თუ არა მშობლები მათ ნამდვილად. კალიფორნიაში გადასვლამდე ოჯახი ტეხასში ცხოვრობდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კალიფორნიელ ცოლ-ქმარს 94 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად ძალადობის მსხვერპლი 13-ვე ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება.