თბილისის მერია მეტრო „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ავრცელებს
დედაქალაქის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ავრცელებს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ დღეს, პიკის საათის პერიოდში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამის ზომებს მიმართავს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა. მართვის შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.
სწორედ მსგავსად იმართებოდა რიგი დღეს დილით, პიკის საათის პერიოდში – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში, ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროსადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.