ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას დაგეგმილი აქვს, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ
ოპოზიციას აქვს დაგეგმილი, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას, ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა და ეს არის „კოვიდის“ გავრცელება“.
„მათ მოახერხეს ბათუმიდან ვირუსის ექსპორტირება სხვა რაიონებში, იგივეს აპირებენ ახლა თბილისიდან სხვა რაიონებში, რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალის სახის. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, მათ აქვთ დაგეგმილი, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას. აქედან გამომდინარე, მათ გეგმებს, გარდა „კოვიდის“ გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია. ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს, ამის გარანტია არის მათ შორის ის პოზიცია, რომელიც გუშინდელ განცხადებაში დაფიქსირდა და ამის გარანტია არის ის, რომ ისინი დღეს ვერ მოახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისი ვითარების ესკალაციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც უპასუხა, რომელიც ქვეყანაში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებს ეხება.
„მათ დღის განმავლობაში აქვთ, თითქმის 20 საათი, რომ გააპროტესტონ რაც უნდათ. მათ არ აქვთ რეალურად პროტესტის შენარჩუნების ძალა და სხვა რაღაცებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.