12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე სატელევიზიო რეკლამაზე თანხა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა
12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, სატელევიზიო რეკლამაზე თანხა მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა. პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ხარჯი 300 ათას ლარს შეადგენს, აქედან სატელევიზიო ნაწილზე 200 ათასი ლარი მიიმართა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ განთავსებულ რეკლამაში (3503 წუთი) 138 634 ლარი გადაიხადა; ტელეკომპანია „პირველის“ საეთერო დრო (2143 წუთი) 30 ათას ლარად შეიძინა; „კავკასიის“ ეთერში რეკლამა (900 წუთი) კი პარტიას 10 200 ლარი დაუჯდა. სხვა ტელეკომპანიების ეთერში განთავსებულ რეკლამაში პარტიამ 21 166 ლარი გადაიხადა. დანარჩენი თანხა მიიმართა ბილბორდებზე, ფლაიერებზედა სხვა სარეკლამო მომსახურებაზე.
ზოგადად რეკლამის ხარჯით პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელსაც 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 1.438 მილიონი ლარი აქვს დახარჯული. პრეზიდენტობის კანდიდატის ფონდიდან თანხის ძირითადი ნაწილი ბილბორდებზე განთავსებულ რეკლამაზე მიიმართა (შპს „ბიგბორდი“, შპს „აჯადი“, შპს „ალმა“ და შპს „აუთდორ.ჯი“). ზურაბიშვილმა რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზეც განათავსა (შპს „ელეფანტ+“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“). რეკლამა განთავსებულია ე.წ. ლაით ბოქსებზეც (შპს „ალმა“), ინტერნეტ-გამოცემებში, რადიოეთერსა და სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
„ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ხარჯმა ამავე პერიოდში 201 711 ლარი შეადგინა. აქედან 87 205 ლარი მიიმართა ბილბორდების რეკლამაზე (შპს „აუთდორ.ჯი“ და შპს „ალმა“), დანარჩენი თანხა კი ინტერნეტ-რეკლამაზე, ბეჭდურ ნაწარმზე, ბრენდირებულ აქსესუარებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებულ რეკლამაზე.
სხვა კანდიდატებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე მხოლოდ მინიმალური თანხა დახარჯეს. საარჩევნო პერიოდის დეკლარაციები აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამასთან, 1-21 აგვისტოს პერიოდში სატელევიზიო რეკლამაზე თანხა მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ დახარჯა (105 ათასი ლარი); 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე კი მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (312 ათასი ლარი).