გორში 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ გორში 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა, პარკში მოეწყო ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები.
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ყველა ქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მცხოვრებლები და მისი სტუმრები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომლებიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და ორ შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები.
პარკის გამწვანებისათვის 46 793 კვ.მ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე.
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
„შეიძლება ითქვას, რომ, გორის ცენტრში განხორციელებულ ურბანული განახლების პროექტებთან ერთად, რეაბილიტირებული პარკი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქალაქს მოსახლეობისა და ტურისტებისათვის. სწორედ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ქმნიან მიზიდულობის ახალ ცენტრებს, რომლის საუკეთესოა მაგალითია გორის პარკის დასრულებული პროექტი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძე.
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.