არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს, ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ
არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს, ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს საქართველოში, ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში ბრუნდება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას რეფორმირებული მართლსაჯულება და პოლიტიკური პროცესი ელოდება.

„მგონი, უკვე ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლსაჯულება და შემდეგ, ელოდება უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, მან დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს არის მრავალფეროვანი და კრიტიკული მედია ქვეყანაში, მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას აქვს ევროპული ტიპის კონსტიტუცია და მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ ყველა ვზრუნავთ მის განვითარებაზე, სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე, ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს საქართველოში, ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გაზიარებას, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სააკაშვილს, ისევე როგორც მის მხარდამჭერებს უნდა ესმოდეთ, რომ მმართველ პარტიას პასუხი აქვს მათ ყველა ქცევაზე.

„მგონი, იმაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს, რაც თვითონ სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც საზოგადოებას, ვისთვისაც ჯერ კითხვებზე პასუხი არ გაუცია და ვისაც ჯერ ვერ აუხსნა და გასცა პასუხი დანაშაულებზე, რომელიც აქ აქვს ჩადენილი, როდესაც ყოველ არჩევნებზე აქვეყნებს ამ ვიდეოს, რომ ის ჩამოდის საქართველოში. ამაზე დიდი ცინიზმი რა უნდა იყოს, ასიათასობით ადამიანის ღირსება, უფლებები იყო შელახული, საკუთრებას ღამე ართმევდნენ ადამიანებს, მედიაში რეიდები ტარდებოდა, ანტენებს აყადაღებდნენ, არჩევნების ყალბდებოდა და დღეს ეს ადამიანი ჰპირდება საზოგადოებას, რომ ის საქართველოში ჩამოდის. ვფიქრობ, ამაზე დიდი ცინიზმი უკვე თავისთავად არ არსებობს. რაც შეეხება ჩვენს პასუხს, უნდა ესმოდეს სააკაშვილს და მის მხარდამჭერებსაც, რამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელსაც პასუხები გვაქვს ყველა მათ ქცევაზე, თუმცა ამაზე დიდი დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს საქმე, გვაქვს პროგრამა და ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი. ვისი ინიციატივა იყო რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი გუნდის პასუხი იმ ცინიზმზე, რაც მოდის სააკაშვილის მხრიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.