აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ ამერიკელ სტუმრებს დასავლეთის სარდლობის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
ახლად დანიშნულმა სარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა.