მამუკა მდინარაძე - როგორ შეიძლება, ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გამოიყენო, ეს მოგონილი არგუმენტებია
ვამაყობთ, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, რაც უზრუნველყო ბერკეტმა და მექანიზმმა, რომლის წინააღმდეგ ახლა გამოდიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად მტერთან საბრძოლველად კონკრეტული იარაღია საჭირო და მოქმედების ვადის გახანგრძლივება ხელისუფლებისთვის „იარაღია“ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში.
„საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღები. წარმოიდგინეთ, 2008 წელს ვიღაცას ხელისუფლებისთვის რომ მოეწოდებინა, მტერთან იარაღის გარეშე ებრძოლა. მაშინ, ეს მტერი რუსეთი იყო. დღეს გვთავაზობენ, რომ უხილავ მტერთან, კოვიდინფექციასთან ხელისუფლებამ იბრძოლოს, ოღონდ, ხელში იარაღი არ ჰქონდეს. თან არ არის საუბარი მძიმე არტილერიაზე, საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, საუბარია ელემენტარულ შეზღუდვებზე, რომელიც ხელისუფლებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეფექტიანად გამოიყენა და ამის კონკრეტული შედეგებიც ვნახეთ. მსოფლიოში ვამაყობთ იმით, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მიღწეული შედეგებით. ეს უზრუნველყო ამ ბერკეტმა და მექანიზმმა, რომლის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ჩანს, ვინც ცვლილებებს აკრიტიკებს, კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ ვირუსის მხარეს უნდა დადგნენ და არა ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე თავის დროზე ბევრი მსჯელობა შედგა და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე ტესტიც გავლილია.
„როცა საუბარია ანტიკონსტიტუციურობაზე, უნდა გაგვახსენდეს, რომ ასეთი ლოგიკით, ნებისმიერ დროს, როცა მთავრობას კანონით გარკვეული უფლებამოსილება ეკისრება, შეიძლება, იმსჯელო იგივე „წარმატებით”. კონსტიტუციურობის ტესტი გავლილია მაშინ, როცა ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. ეს არის ხელისუფლებისთვის „იარაღი“ პოზიტიური გაგებით კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, რასაც დადებითი და თვალსაჩინო შედეგები მოაქვს. როგორ შეიძლება, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გამოიყენო? ეს არის მოგონილი არგუმენტები, რათა ხელისუფლებას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი არ ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედების ვადა შეიძლება, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი დადგინდა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივება ანტიკონსტიტუციურია.