„112“-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა
„112“-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“-ის მობილურ აპლიკაციაში დღეიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც არის შესაძლებელი.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112“-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ასევე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის არსებული სახელმწიფო მომსახურებების – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებ. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

„112“-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS – ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით „112“-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS-კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ინიციტიავით „112“ გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3-8 მარტს იმართება. კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომლის დროსაც „112“-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.