11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში
11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.
ამასთან, ხუთი მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.