11 ივლისს მზიურის პარკში წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წიგნის ფლიმარკეტზე ახალი და მეორეული წიგნები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.
გარდა ამისა, დღის ორი სპორტული მოვლენის, უიმბლდონის ტურნირისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
„11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, მისი მთავარი თემა სპორტი იქნება, რაც დიდ სახალხო დღესასწაულს ნიშნავს. წიგნის ფლიმარკეტზე კერძო პირები, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები ახალ და მეორეულ წიგნებს გაყიდიან. ასევე, გაიყიდება წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, სპორტული ინვენტარი, ფანშოპით იქნება წარმოდგენილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლებსაც მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო.
როგორც იცით, ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა დაგეგმილი: უიმბლდონის ტურნირის ფინალური დაპირისპირება და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც იტალია-ინგლისი შეხვდება ერთმანეთს. მე იტალიას ვგულშემატკივრობ. ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლიმარკეტის სტუმრებს მიეცემათ საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ფლიმარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს და მწერლებს, რომლებთან ერთადაც ფინალის ყურებას და ლიტერატურაზე საუბარს შეძლებენ.
„ამასთან, მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. უკვე შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ჩართვა სწორედ ჩვენი ფლიმარკეტიდან განხორციელდება, რაც იქაურობას ქვეყნის ერთგვარ ეპიცენტრად აქცევს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ მიერ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობს. მზიურის პარკი უკვე იქცა ჩვენი თანაქალაქელებისთვის საყვარელ ადგილად, იქაურობის წიგნიერებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირება კი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.