11 136 გადამხდელს 539 370 407.70 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის 11 136 გადამხდელს ჯამში 539 370 407.70 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. აღნიშნული დავალიანება ცვლილების ამოქმედებიდან – 2018 წლის 2 აგვისტოდან დღემდე, 2018 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით ჩამოიწერა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაცით, ა ქვეპუნქტით – 11 132 გადამხდელს 539 368 444.30 ლარი ჩამოეწერა, გ ქვეპუნქტით – 4 გადამხდელს 3 962.80 ლარი.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა. ცვლილების თანახმად, ჩამოწერას დაექვემდებარა: 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი კი, გრძელდება.